ტეგები

1782488_617419995014219_661775744_o

მგლოვიარე სერაფიმი

ის მარადისობის საზღვართან იდგა, ვით ლურჯთვალა მგლოვიარე სერაფიმი და ელოდა ქრისტეს ლანდს, რომელიც განსაცდელისგან დაიხსნიდა მესამე გზისკენ გეზაღებულს. მას სჯეროდა სიცოცხლის სხეულის გარეშე. ხშირად მიაცილებდა უცნობ მიცვალებულს სასფლაომდე, თუმცა, არ იცოდა, რატომ… მერე მარტო რჩებოდა: იყო ასე დიდხანს და ფიქრობდა, ფიქრობდა და წერდა, უყვარდა და განიცდიდა… უნახავად შეუყვარდა, გააიდეალა მაგრამ… რამოხდა?

ძვირფასო მეგობარო,

11 აგვისტოს 3 საათზე გავდივარ თბილისიდან. მატარებლიდან ვუმზერ თბილისს და მიხარია, რომ მივქრი უხილავ სივრცისკენ. მატარებელი მიჰქრის… მიმაქვს გული რუსეთისკენ… ვხედავ, გრძელი მინდვრებია ირგვლივ და ყველგან მინდა დავაბიჯო… მინდა აქეთ ვცხოვრობდე, სადმე მიყრუებულ ადგილას და მიყურებდნენ ისე, როგორც უბრალო ადამიანს. ღამდება ვუმზერ ვარსკვლავებს; ლიანდაგის ახლოს სასაფლაოს ვხედავ. დილაა, ბაქოში შევდივარ. საშინელია ეს რუხი ქალაქი. შესვლისთანავე ჩემს ყურადღებას იპყრობს ცამდე ამართული საყდრები. სადღაც იდუმალებას ძინავს. კვირა დღეა, შევდივარ საყდარში. თითქოს მეორედ დავიბადე, როდესაც ჩემთვის სრულიად უცნობ მლოცველთა სახეებს ვუმზერ. ვიღაც ახალგაზრდა მღვდელი სწირავს. ერთი მათგანი ძალიან ჰგავს ქართველს. სრულიად უცნობი ხალხი დგას გარშემო და მიხარია. მესმის უცნობი ხმებისგან გალობა… მესმის სხვა როიალი ხმა, ალბათ, ისეთი ქალი უკრავს, რომელსაც ვინმე უყვარს. სხვა ზარების აგონია ვიგრძენი. ყველაფერი უცხოა ჩემთვის და ეს ქმნის სხვაგვარ განწყობას, რომლის გადატანა ქაღალდზე შეუძლებელია. ამ წერილს ვწერ ისეთ ოთახში, სადაც არასოდეს შევსულვარ… შავი წამები მიჰქრიან. ისე ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ არყოფნაზე. დიდი ხანია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ ჩვენი გულები მაინც ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა მიყვარს და თან მეშინია. ეხლა მინდა ჩემთან თეთრი ანგელოზი მოფრინდეს და შენთან წერილი გამოვატანო. ვფიქრობ, ანგელოზები დაფრინავენ როგორც მიწაზე, ისე იმ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ზეცა. მე შემიძლია მიწას მალე მოვშორდე და ზეცისკენ წავიდე. ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა; რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს. გრძნობისაგან დავიღალე და ახლა დროა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში გადავეშვა. ვერ ვხედავ ჩემს მწუხარე გულს და ეს უფრო ამძაფრებს ამ ტრაგედიას…

„ალბათ მოვა დრო – შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.“
{ტერენტი გრანელი – (1897 – 1934)}

ძვირფასო უცნობო მეგობარო, ტერენტი!
მე ვარ თქვენი პოეზიის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, თქვენი ლექსების კითხვა ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ გადამექცა… ზეპირად ვიცი თქვენი ბევრი ლექსი. მე თქვენ თნილისში გხვდებოდით საიდულოდ, ფრიად საიდუმლოდ მიყვარდით კიდეც… ახლა, როცა ასე შორს ვარ თბილისიდან, ქართულ ენასთან მაკავშირებს თქვენი ნაზი ლექსები…
თქვენი უცნობი თაყვანისმცემელი თამარი…

უნახავად შეყვარება
ეს წერილი კიევიდან მიიღო. გაუკვირდა, იქ ხომ არავის იცნობს. სიხარულით მეშვიდე ცაზე დაფრინავდა. პირველ წერილზე არ უპასუხა უცნობს. მალე მეორე დამესამე წერილიც მიიღო. მაშინ კი მისწერა თავისებური თბილი, ნაზი გრძნობებით სავსე ბარათი. გაიმართა მიწერ – მოწერა. თამარმა თავისი ფოტოსურათიც გამოუგზავნა. თავდახრილ ქალს ხშირი წამწამები, ძველებურად შუაზე გადავარცხნილი შვენოდა, თვალების ფერი არ უჩანდა, მაგრამ როგორ შეიძლებოდა ასეთი მშვენიერი წანწამების ქვეშ გულის დამწველი თვალები არ ყოფილიყო! ტერენტი გრანელს ეს ქალი საოცარი მგზნებარებით, ავადმყოფურად შეუყვარდა. ვერ ითმენდა, სანამ შეხვდებოდა. და აი ამ დროს ტერენტი წერს ულამაზეს ლექსს:

„შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ისე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი,
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის…“

შეხვედრა გაიდიაელებულ ლამაზმანთან
მიწერ-მოწერა კარგა ხანს გაგრძელდა. და აი, ერთ დღეს ტერენტი გრანელი იღებს წერილს: ჩამოვალ ამა და ამ დღეს, ამა და ამ მატარებლით, ამა და ამ საათზე… დადექით სადგურის ბაქანზე, ქალაქში გასასვლელთან და მე მოვალ თქვენთან. ჩამოვა უცნობი ქალი და ჩამოიტანს სიცოცხლეს, მიზანს, სიხარულს… ტერენტი დაწერს სულ სხვაგვარ ლექსებს, უმღერებს მხოლოდ სიყვარულს და სიცოცხლეს… ნეტა, როგორ წარმოედგინა ეს უცნობი ქალი ტერენტის? ალბათ, ისეთი, როგორიც გალაკტიონის მერია… სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა?! ამ საოცარი ქალის მოლოდინში ხომ პოეტმა მრავალი უძილო ღამე გაატარა?!…
P.S თამარ ჯაფარიძე კიევში გაჰყვა თავის მეუღლეს, სამხედრო ოფიცერს. თან კი ტერენტი გრანელის ლექსების კრებული წაუღია. პოეტისადმი გრძნობა ქალს თბილისიდან წასვლის შემდეგაც არ განელებია. ბოლოს ქმარს გაშორდა და თბილისში გამოქცა…

უცნაური გადაწყვეტილება
ტერენტი სადგურზე მეგობარ გენო ქელბაქიანთან ერთად მივიდა. მატარებელი ჩამოდგა. მგზავრები წავიდ – წამოვიდნენ. დარჩა მხოლოდ ის ქალი, რომელიც დამარცხებულ სარდალს ჰგავდა; რომელიც უიარაღოდ, უღონოდ, უსიცოცხლოდ იდგა თავის დამპყრობლის მრისხანე სახის წინ და ელოდა სასწაულს, მოწყალებას, შებრალებასა და პატივს.
-გამარჯობა, ტერენტი! – ძლივს თქვა ქალმა და ხელი გაუწოდა. ტერენტიმ გულგრილად ჩამოართვა ხელი და მაშინვე გაუშვა. შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა: ჩვენ გვაგვიანდება!
-წადი და დაგეწევი, – უპასუხა მეგობარმა.
ტერენტი წავიდა.
მეგობარმა შეამჩნია, რომ ქალს წამწამზე თითო შვიდფერი ცრემლი დაეკიდა.
ამ ამბავს შემდეგ გენო ქელბაქიანი ასე გაიხსენებს: „მე არ მინახავს ნატანჯი სახე, უფრო მწუხარე თვალები, მეც ცრემლი მომერია. ქალი ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა და უნდა ითქვას, მეც ისევე მეტკინა გული როგორც მას. ძალიან მომეწონა ეს ქალი იმ წუთებში! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე ვყვარებოდი; ეტლამდე მივაცილე, დავემშვიდობე და გულმოკლული გამოვბრუნდი; ისე ვიყავი შეწუხებული, თითქოს მე უარმყო საყვარელმა არსებამ. ასიოდე ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ დავინახე, ტერენტი ბოძს მიყრდნობოდა და ქანდაკებასავით იდგა… ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, ისე წავედით სახლისკენ. ტერენტი შევიდა, საწოლზე დაეცა და კარგა ხანს იწვა გაუნძრევლად. სიყვარულისგან განიკურნა, მაგრამ სხვა ტკივილებისგან დასნეულდა. „ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა, სად იყო ის ქალი, მე რომ მიყვარდა? რატომ მწერდა ისეთ ნაზ წერილებს, რად მივწერე მეც, რატომ დავწერე ლექსი, ასე რად მოვტყუვდი. ეეჰ, რად მემტერება მუხთალი ბედი, ფიქრობდა ხმამაღლა პოეტი და ლექსითვე გამოიტირა პირველი სიყვარული:
…და სევდა მიპყრობს, ისევ და ისევ,
დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე,
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე,
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე.“
ერთხელ უთქვამს ტერენტის მეგობრისთვის: მას, ალბათ, მდიდარი და სახლ – კარიანი კაცი ვეგონე, თორემ ქმარს ასე როგორ გაშორდებოდაო….
თანარი კიევში აღარ დაბრუნებულა, თბილისში დარჩა. ტერენტი მის დანახვაზე ყოველთვის კრთებოდა და ოდესღაც წარმოსახულ სიყვარულს ელდანაკრავივით გაურბოდა… დრო გავიდა, სიყვარული კი მის ცხოვრებაში აღარ მოსულა. პოეტი ხომ მუდამ არა სიცოცხლეს, არა სიკვდილს, არამედ რაღაც სხვას ეძებდა. და ეს სხვა იყო, ალბათ, ის იდუმალი გრძნობა, რომელსაც მთელი სიცოცხლე გულით დაატარებდა და ხანდახან საკუთარ თავსაც არ უმჟღავნებდა.

„არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.

ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.“

ავტ: თამთა გრიგოლია