ლურსმანი და თავშეუკავებელი ახალგაზრდა

ტეგები

1399060_685329334830641_1803738548_o

ლურსმანი და თავშეუკავებელი ახალგაზრდა

იყო ერთი ძალზე ემოციური და თავშეუკავებელი ახალგაზრდა, რომელიც ადვილად ბრაზდებოდა ხოლმე და შემდეგ საშინელი სიტყვებით ილანძღებოდა.

ერთხელ მამამისმა ის დასაჯა შემდეგნაირად: ყოველ ჯერზე, როცა ახალგაზრდა ვერ შეძლებდა სიბრაზის შეკავებას, მას ერთი ლურსმანი უნდა ჩაეჭედა ხის ძელზე.

პირველივე დღეს ძელზე გაჩნდა რამოდენიმე ათეული ლურსმანი. ასე გაგრძელდა რამოდენიმე დღე, მაგრამ მერე ახალგაზრდას მობეზრდა რა ხშირ–ხშირად ძელზე ლურსმნის მიჭედება, თანდათანობით აიძულა თავი გაეკონტროლებინა საკუთარი ემოციები და შესაბამისად ყოველდღიურად დაიწყო კლება ძელზე მიჭედებული ლურსმნების რაოდენობამაც.

და ბოლოს დადგა დღე, რომლის განმავლობაშიც ახალგაზრდა ერთხელაც არ გამოსულა წონასწორობიდან და ერთხელაც არ უთქვამს ვინმესთვის აუგი. მაშინ მამამისმა მისცა ახალი დავალება: ყოველდღე, როცა ის შეძლებდა თავის შეკავებას, ძელიდან უნდა ამოეძვრინა ერთი ლურსმანი.

დღე დღეს მისდევდა და ძელზე ლურსმნების რაოდენობა კლებულობდა. ერთხელ კი დადგა დღე, როცა მასზე არც ერთი ლურსმანი არ დარჩა. მაშინ მამამ მიიყვანა ის ძელთან და უთხრა:

– შენ ბრწყინვალედ გაართვი თავი ამოცანას, მაგრამ დააკვირდი რამდენი ნახვრეტი დარჩა ძელზე. ამ ძელის ზედაპირი არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. როცა შენ ადამიანზე ბრაზობ და მას სალანძღავ სიტყვებს ეუბნები, ეს სიტყვები ლურსმნებივით ესობა მის გულს და შემდეგ რომც მოინანიო და ბოდიში მოუხადო, იარები მაინც რჩება. ამიტომ ეცადე ყოველთვის აკონტროლო შენი ემოციები, საქციელი და სიტყვები.

მგლოვიარე სერაფიმი – ტერენტი გრანელი

ტეგები

1782488_617419995014219_661775744_o

მგლოვიარე სერაფიმი

ის მარადისობის საზღვართან იდგა, ვით ლურჯთვალა მგლოვიარე სერაფიმი და ელოდა ქრისტეს ლანდს, რომელიც განსაცდელისგან დაიხსნიდა მესამე გზისკენ გეზაღებულს. მას სჯეროდა სიცოცხლის სხეულის გარეშე. ხშირად მიაცილებდა უცნობ მიცვალებულს სასფლაომდე, თუმცა, არ იცოდა, რატომ… მერე მარტო რჩებოდა: იყო ასე დიდხანს და ფიქრობდა, ფიქრობდა და წერდა, უყვარდა და განიცდიდა… უნახავად შეუყვარდა, გააიდეალა მაგრამ… რამოხდა?

ძვირფასო მეგობარო,

11 აგვისტოს 3 საათზე გავდივარ თბილისიდან. მატარებლიდან ვუმზერ თბილისს და მიხარია, რომ მივქრი უხილავ სივრცისკენ. მატარებელი მიჰქრის… მიმაქვს გული რუსეთისკენ… ვხედავ, გრძელი მინდვრებია ირგვლივ და ყველგან მინდა დავაბიჯო… მინდა აქეთ ვცხოვრობდე, სადმე მიყრუებულ ადგილას და მიყურებდნენ ისე, როგორც უბრალო ადამიანს. ღამდება ვუმზერ ვარსკვლავებს; ლიანდაგის ახლოს სასაფლაოს ვხედავ. დილაა, ბაქოში შევდივარ. საშინელია ეს რუხი ქალაქი. შესვლისთანავე ჩემს ყურადღებას იპყრობს ცამდე ამართული საყდრები. სადღაც იდუმალებას ძინავს. კვირა დღეა, შევდივარ საყდარში. თითქოს მეორედ დავიბადე, როდესაც ჩემთვის სრულიად უცნობ მლოცველთა სახეებს ვუმზერ. ვიღაც ახალგაზრდა მღვდელი სწირავს. ერთი მათგანი ძალიან ჰგავს ქართველს. სრულიად უცნობი ხალხი დგას გარშემო და მიხარია. მესმის უცნობი ხმებისგან გალობა… მესმის სხვა როიალი ხმა, ალბათ, ისეთი ქალი უკრავს, რომელსაც ვინმე უყვარს. სხვა ზარების აგონია ვიგრძენი. ყველაფერი უცხოა ჩემთვის და ეს ქმნის სხვაგვარ განწყობას, რომლის გადატანა ქაღალდზე შეუძლებელია. ამ წერილს ვწერ ისეთ ოთახში, სადაც არასოდეს შევსულვარ… შავი წამები მიჰქრიან. ისე ცოცხალი ვარ, ისევ ვოცნებობ და ისევ არყოფნაზე. დიდი ხანია, რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ ჩვენი გულები მაინც ახლოს არიან. ეხლა უფრო განვიცდი შენთან სიახლოვეს. შენ თითქოს შორს იმყოფები ჩემგან და ეს უფრო საშინელს ხდის ჩემს მარტოობას, მე ხომ ყოველთვის მარტოობის ქვეშ ვიფერფლები, და ეს მარტოობა მიყვარს და თან მეშინია. ეხლა მინდა ჩემთან თეთრი ანგელოზი მოფრინდეს და შენთან წერილი გამოვატანო. ვფიქრობ, ანგელოზები დაფრინავენ როგორც მიწაზე, ისე იმ შორეულ ქვეყანაში, რომელსაც ეწოდება ზეცა. მე შემიძლია მიწას მალე მოვშორდე და ზეცისკენ წავიდე. ეს იქნება გარდაცვალება. ხანდახან ხელებს გავიშვერ იმ მიმართულებით, საითკენაც მინდა გაფრენა; რა ვქნა, სად არის ის დიდი ნუგეში, რასაც ადამიანი ყოველთვის ეძებს. გრძნობისაგან დავიღალე და ახლა დროა მარადისობის გარინდებულ უფსკრულში გადავეშვა. ვერ ვხედავ ჩემს მწუხარე გულს და ეს უფრო ამძაფრებს ამ ტრაგედიას…

„ალბათ მოვა დრო – შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.“
{ტერენტი გრანელი – (1897 – 1934)}

ძვირფასო უცნობო მეგობარო, ტერენტი!
მე ვარ თქვენი პოეზიის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი, თქვენი ლექსების კითხვა ყოველდღიურ სულიერ საზრდოდ გადამექცა… ზეპირად ვიცი თქვენი ბევრი ლექსი. მე თქვენ თნილისში გხვდებოდით საიდულოდ, ფრიად საიდუმლოდ მიყვარდით კიდეც… ახლა, როცა ასე შორს ვარ თბილისიდან, ქართულ ენასთან მაკავშირებს თქვენი ნაზი ლექსები…
თქვენი უცნობი თაყვანისმცემელი თამარი…

უნახავად შეყვარება
ეს წერილი კიევიდან მიიღო. გაუკვირდა, იქ ხომ არავის იცნობს. სიხარულით მეშვიდე ცაზე დაფრინავდა. პირველ წერილზე არ უპასუხა უცნობს. მალე მეორე დამესამე წერილიც მიიღო. მაშინ კი მისწერა თავისებური თბილი, ნაზი გრძნობებით სავსე ბარათი. გაიმართა მიწერ – მოწერა. თამარმა თავისი ფოტოსურათიც გამოუგზავნა. თავდახრილ ქალს ხშირი წამწამები, ძველებურად შუაზე გადავარცხნილი შვენოდა, თვალების ფერი არ უჩანდა, მაგრამ როგორ შეიძლებოდა ასეთი მშვენიერი წანწამების ქვეშ გულის დამწველი თვალები არ ყოფილიყო! ტერენტი გრანელს ეს ქალი საოცარი მგზნებარებით, ავადმყოფურად შეუყვარდა. ვერ ითმენდა, სანამ შეხვდებოდა. და აი ამ დროს ტერენტი წერს ულამაზეს ლექსს:

„შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ისე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი,
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის…“

შეხვედრა გაიდიაელებულ ლამაზმანთან
მიწერ-მოწერა კარგა ხანს გაგრძელდა. და აი, ერთ დღეს ტერენტი გრანელი იღებს წერილს: ჩამოვალ ამა და ამ დღეს, ამა და ამ მატარებლით, ამა და ამ საათზე… დადექით სადგურის ბაქანზე, ქალაქში გასასვლელთან და მე მოვალ თქვენთან. ჩამოვა უცნობი ქალი და ჩამოიტანს სიცოცხლეს, მიზანს, სიხარულს… ტერენტი დაწერს სულ სხვაგვარ ლექსებს, უმღერებს მხოლოდ სიყვარულს და სიცოცხლეს… ნეტა, როგორ წარმოედგინა ეს უცნობი ქალი ტერენტის? ალბათ, ისეთი, როგორიც გალაკტიონის მერია… სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა?! ამ საოცარი ქალის მოლოდინში ხომ პოეტმა მრავალი უძილო ღამე გაატარა?!…
P.S თამარ ჯაფარიძე კიევში გაჰყვა თავის მეუღლეს, სამხედრო ოფიცერს. თან კი ტერენტი გრანელის ლექსების კრებული წაუღია. პოეტისადმი გრძნობა ქალს თბილისიდან წასვლის შემდეგაც არ განელებია. ბოლოს ქმარს გაშორდა და თბილისში გამოქცა…

უცნაური გადაწყვეტილება
ტერენტი სადგურზე მეგობარ გენო ქელბაქიანთან ერთად მივიდა. მატარებელი ჩამოდგა. მგზავრები წავიდ – წამოვიდნენ. დარჩა მხოლოდ ის ქალი, რომელიც დამარცხებულ სარდალს ჰგავდა; რომელიც უიარაღოდ, უღონოდ, უსიცოცხლოდ იდგა თავის დამპყრობლის მრისხანე სახის წინ და ელოდა სასწაულს, მოწყალებას, შებრალებასა და პატივს.
-გამარჯობა, ტერენტი! – ძლივს თქვა ქალმა და ხელი გაუწოდა. ტერენტიმ გულგრილად ჩამოართვა ხელი და მაშინვე გაუშვა. შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა: ჩვენ გვაგვიანდება!
-წადი და დაგეწევი, – უპასუხა მეგობარმა.
ტერენტი წავიდა.
მეგობარმა შეამჩნია, რომ ქალს წამწამზე თითო შვიდფერი ცრემლი დაეკიდა.
ამ ამბავს შემდეგ გენო ქელბაქიანი ასე გაიხსენებს: „მე არ მინახავს ნატანჯი სახე, უფრო მწუხარე თვალები, მეც ცრემლი მომერია. ქალი ჩემოდანზე ჩამოჯდა და ცრემლი ვეღარ შეიკავა, ამოიკვნესა და უნდა ითქვას, მეც ისევე მეტკინა გული როგორც მას. ძალიან მომეწონა ეს ქალი იმ წუთებში! ნეტა მე მყვარებოდა, ნეტა, მე ვყვარებოდი; ეტლამდე მივაცილე, დავემშვიდობე და გულმოკლული გამოვბრუნდი; ისე ვიყავი შეწუხებული, თითქოს მე უარმყო საყვარელმა არსებამ. ასიოდე ნაბიჯიც არ მქონდა გავლილი, რომ დავინახე, ტერენტი ბოძს მიყრდნობოდა და ქანდაკებასავით იდგა… ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, ისე წავედით სახლისკენ. ტერენტი შევიდა, საწოლზე დაეცა და კარგა ხანს იწვა გაუნძრევლად. სიყვარულისგან განიკურნა, მაგრამ სხვა ტკივილებისგან დასნეულდა. „ვაიმე, რამხელა ჩემოდანი ჰქონდა, სად იყო ის ქალი, მე რომ მიყვარდა? რატომ მწერდა ისეთ ნაზ წერილებს, რად მივწერე მეც, რატომ დავწერე ლექსი, ასე რად მოვტყუვდი. ეეჰ, რად მემტერება მუხთალი ბედი, ფიქრობდა ხმამაღლა პოეტი და ლექსითვე გამოიტირა პირველი სიყვარული:
…და სევდა მიპყრობს, ისევ და ისევ,
დაბნელდა ჩემი ოცნების მხარე,
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე,
არყოფნის ღამევ, შენ დამიფარე.“
ერთხელ უთქვამს ტერენტის მეგობრისთვის: მას, ალბათ, მდიდარი და სახლ – კარიანი კაცი ვეგონე, თორემ ქმარს ასე როგორ გაშორდებოდაო….
თანარი კიევში აღარ დაბრუნებულა, თბილისში დარჩა. ტერენტი მის დანახვაზე ყოველთვის კრთებოდა და ოდესღაც წარმოსახულ სიყვარულს ელდანაკრავივით გაურბოდა… დრო გავიდა, სიყვარული კი მის ცხოვრებაში აღარ მოსულა. პოეტი ხომ მუდამ არა სიცოცხლეს, არა სიკვდილს, არამედ რაღაც სხვას ეძებდა. და ეს სხვა იყო, ალბათ, ის იდუმალი გრძნობა, რომელსაც მთელი სიცოცხლე გულით დაატარებდა და ხანდახან საკუთარ თავსაც არ უმჟღავნებდა.

„არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.

ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება.“

ავტ: თამთა გრიგოლია

ზიგმუდ ფროიდის ცხოვრებისეული გამონათქვამები

ტეგები

1922391_872594076104165_6073682030684723817_n

ზიგმუდ ფროიდის ცხოვრებისეული გამონათქვამები

1. ერთადერთი ადამიანი ვისაც თავი უნდა შეადაროთ ეს არის, ის ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ ეს არის ის ვინც ხართ ახლა.

2. შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.

3. ბედნიერება ძალიან ძველი ოცნების დაგვიანებული ასრულებაა. სწორედ ამიტომაც გვახარებს ასე ნაკლებად სიმდიდრე. ბავშვობაში ჩვენ ფულზე არ ვოცნებობდით.

4. ჩვენ ვიტანთ გაჭირვებას უმწიკვლობის შესანარჩუნებლად, ჩვენ ვიკლებთ ჯანმრთელობას, სიამოვნებას, აღტაცებას, გრძნობას, ვმაღლდებით რაღაცისთვის, რისთვის თვითონაც არ ვიცით – და ეს ბუნებრივ ინსტიქტთა გამუდმებული დათრგუნვა ჩვენს სინატიფეს გვანიჭებს. ჩვენ უფრო იმისკენ მივისწრაფვით, რომ ტანჯვას დავშორდეთ და არა ტკბობა შევიგრძნოთ, ხოლო უმაღლეს პოტენციაში ჩვენ ვართ ადამიანები, როგორც ორნი, რომლებიც სიკვდილისა და ჯოჯიხეთის ჯაჭვებით არიან გადაბმული, რომლებიც წლობით იკავებენ თავს და ერთმანეთი ენატრებათ, რათა ერთმანეთს არ უღალატონ.

5. სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან იგი პასუხისმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი გაურბის პასუხისმგებლობას!

6. ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მას, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში!

7. გამოუხატავი ემოცია არასდროს კვდება. ის ცოცხლად დამარხულია და თავის დამახინჯებულ სახეს მოგვიანებით წარმოაჩენს.

8. გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც გათავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან გიყვარს.

9. ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია.

10. მე აღმოვაჩინე, რომ პიროვნებები, რომლებსაც დედა უპირატესობას ანიჭებს ან გამოარჩევს, ცხოვრებაში განსაკუთრებული თავდაჯერებულობით, შეურყეველი ოპტიმიზმით გამოირჩევიან, ხშირად გმირებად იქცევიან და ნამდვილ წარმატებას აღწევენ.

გადაიპენტა თეთრად ტკივილი – ოთარ ჭილაძე

ტეგები

1265897_736670859755798_6899207771555791258_o

გადაიპენტა თეთრად ტკივილი

გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია…
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან…

აღმართ და აღმართ ასვლის სიმწარე
დაღმართმა ვეღარ გადაიავდრა…
მასთან შეხვედრა ალბათ ვიჩქარე
აი შენთან კი…დამაგვიანდა.

წლები მათოვს და ქრება ღიმილი,
უხეშად მაცლი ფერებს ყოველ დღე…
ჩალად არ გიღირს სხვისი ტკივილი
მიკვირს წლების წინ როგორ მოგენდე?

აათასფერდა თავში ფიქრები
ერთიდან იქცა ტკივილი ასად…
წლები გავა და მერე მიხვდები,
რომ არა ღირხარ შენ ცრემლის ფასად

გადაიპენტა თეთრად ტკივილი,
სულში ნაცნობი, ცივი ქარია…
არ მინდა ახლა ბედთან ჩივილი
უბრალოდ შენთან მინდა ძალიან.

ოთარ ჭილაძე

ვიდრე ხარ – ოთარ ჭილაძე

ტეგები

10410401_1488403454777403_4720468347063422490_n

ვიდრე ხარ… ვიდრე გათოვს და გაწვიმს,
არ წარიკვეთო არასდროს სასო,
ხან ოცდაათი ვერცხლი ღირს კაცი,
ხან ოცდაათი _ ერთ ვერცხლად ფასობს.

მაგრამ იმედი, ეს უფლის ჩიტი,
კვლავ ისეთია, როგორიც იყო,
კვლავ ჭრელი კაბა აცვია ჩითის
და თხილისხელა გულს ყველას გვიყოფს.

არ ჩაიქნიო არასდროს ხელი,
ვიდრე ხარ… ვიდრე ხედავ და გესმის…
ძველს ცვლის ახალი, ახალს კი _ძველი
და ქვის მსროლელი ყვავილსაც გესვრის.

ხან ბროლის კოშკზე შემოგსვამს ბედი,
ხან გაბზრიალებს, ვით შოლტი ჩიკორს,
მაგრამ ღიმილი და ცრემლის წვეთი
კვლავ იგივეა, რაც ადრე იყო.

ოთარ ჭილაძე

ნუ მწერ – მირზა გელოვანი

ტეგები

936866_443424692413751_935631808_n

ნუ მწერ

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.
ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.
ნუ მომწერ. ისეც ვიცი, რა გვარი
ფერებით ყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, –
გეტყვი, რომ მოვედ ბროძლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების.

მირზა გელოვანი

ექსპრომტი

ტეგები

,

a09224f8b3f8d7ac52d2e9403b43ae9d

ექსპრომტი

მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.

ირიბად დავალ. ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლისფერ ვარდებს
და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.

მირზა გელოვანი

ოტია იოსელიანი იხსენებს . . .

ტეგები

1499598_559859127436973_777186551_n

“თბილისში პირველად როცა ჩავედი და მოთხრობები ჩავიტანე, ტალახი მქონდა მუხლზე. ტალახს ახლაც არ ვიცილდებ, მიყვარს ქართული მიწა… სკოლაში სამიანებს მიწერდნენ, ობოლი ვიყავი და იმიტომ. თორემ ისიც არ მეკუთვნოდა. უმაღლესში არ მისწავლია. იქ ვინ შემიშვებდა? და ამ დროს მიმაქვს მოთხრობები. რაშია საქმე? წიგნი მე არ მქონდა წაკითხული.. პირველი წიგნი ჩემი დაწერილი წავიკითხე. იქამდე არ მქონდა. წაიკითხეს მოთხრობები და გაოგნდნენ.. აბა ეს ვინ დაწერა? მე დავწერე, არადა, არავითარი პირობა არ გამაჩნდა იმისი, რომ ეს დამეწერა. დაიბნენ. კი, ეს დასაბეჭდია, მაგრამ დაიცა… იქნებ რაღაცას ეშმაკობს? საიდანმე ხომ არ ქაჩავს? იქნებ ენები იცის და არ გვიმხელს? ჟურნალ “დილის” რედაქტორი ნონეშვილი იყო და მისი მოადგილე გახლდათ მაყვალა მრევლიშვილი. გამიშვეს მრევლიშვილთან. მაყვალა მეკითხება: “შვილო ოტია, შენ თუ ყურს არ უგდებ ამ ცხოვრების წარმავალობას, შენგან დიდი მწერალი დადგება” და მისახელებს რაღაც ფრანგულ ჟურნალს, ხომ არ მიგიღიაო? მაშინ კი არა, ახლაც არ ვიცი რა ჟურნალზე მეკითხებოდა… მოკლედ ვერაფერი გაარკვიეს. ჟურნალის ყველა ნომერს თვის ბოლოს კოლეგია არჩევდა. მეორე დღეს ეს კოლეგია იკრიბება. მათ შორის იყო აკაკი ბელიაშვილი და გამაგზავნეს მასთან. მივედი. ვინ ხარო? ესა და ესა თქო. რა გინდაო? რა ვიცი, თქვენთან გამომაგზავნეს თქო. ხომ არაფერს წერო? კი ბატონო, მე ვუთხარი. მომეციო.. წაიკითხა. კიდევ ხომ არ გაქვსო? კი ბატონო. ყველა ჯიბეში მქონდა. იკითხა, იკითხა და წადი ახლა შენ. მე მკითხონ იმათმაო. ბელიაშვილმა არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ დაიწყეს ბეჭდვა და რასაკვირველია, მერე ეჭვი აღარავის შეპარვია.”

ოტია იოსელიანი

სოფიკო ჭიაურელი …

965560_456678507755036_509677277_o (1)
სოფიკო ჭიაურელი …

ქალბატონი სოფიკო ჭიაურელი ახალგაზრდობაში მოსკოვში სწავლობდა. სტიპენდიასაც იღებდა და მამამისი თბილისიდან კიდევ 200 მანეთსაც უგზავნიდა, რაც მაშინ კარგ ფულად ითვლებოდა.

ქალბატონი სოფიკო და მისი მეგობრები მთელი კვირა ქეიფობდნენ, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში უკაპიკოდ რჩებოდნენ. საბედნიეროდ სასწავლებლის ბუფეტში შაქარი, მარილი, მდოგვი და პური უფასო გახლდათ. მსახიობს მთელი სიცოცხლის მანძილზე თან გაჰყვა მარილმოყრილი და მდოგვწასმული შავი პურის გემო.

ერთხელაც დაბადების დღეზე, სოფიკო ჭიაურელმა თბილისიდან 30 მანეთი და დეპეშა მიიღო: “გილოცავ, გკოცნი, გიგზავნი ტორტის ფულს”. საქართველოში მოსკოვიდან შემდეგი სახის პასუხი წამოვიდა: “მამიკო, დიდი მადლობა, ტორტის ფული მივიღე, გამომიგზავნე პურის ფული”.

„დათა ვარ, თუთაშხია“

ტეგები

474674_451864318236455_980749491_o (1)

„დათა ვარ, თუთაშხია“
ერთხელ ოთარ მეღვინეთუხუცესმა მანქანით მოძრაობის წესები დაარღვია და ავტოინსპექტორმა “ჩაუსტვინა”:

– საბუთები, მოქალაქევ!

– მე ოთარ მეღვინეთუხუცესი ვარ, – მშვიდად ეუბნება მსახიობი.

ავტოინსპექტორმა თავისი გვარი და სახელი უთხრა და გაუმეორა:

– მოქალაქევ, მომეცით თქვენი საბუთები!

ოთარმა იფიქრა, ნამდვილად ვერ მიცნოო და მეტი დამაჯერებლობისთვის მტკიცედ უთხრა:

– მე დათა ვარ, დათა თუთაშხია, – ინსპექტორმა ყურადღებით ახედა.

– მატყუებ, იმას ცხენი ჰყავდა!

– არ გატყუებ, კაცო, ნამდვილად დათა ვარ, გავცვალე ცხენი მანქანაში და…

– მაშინ, მე ნიკანდრო ვარ ქილია და მომეცი ახლა საბუთები, ცხენი მოტოციკლეტში გავცვალე.

მისცა ოთარმა საბუთები და ეს ამბავი “ზემოთ” მოახსენა. “ზემოდან” ავტოინსპექტორს დაურეკეს და “ტყავი გააძრეს”. შერცხვა იმ ინსპექტორს და ბატონი ოთარისთვის საბუთები თვითონ რომ არ მიეტანა, მეგობარს გაატანა. კარი ოთარმა გააღო.

– ბატონი დათა ბრძანდებით, ხომ? – მეგრული კილოთი ეუბნება ინსპექტორი.

– დიახ?!

– დაიბრუნეთ თქვენი საბუთები.

– თქვენ ვინ ბრძანდებით? – დაინტერესდა ოთარი.

– მუშნი ვარ, ზარანდია.